აღმოსავლეთ იერუსალიმში ულტრამემარჯვენე ებრაელ აქტივისტებს, პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. დაპირისპირება დამასკოს კარიბჭესთან მოხდა, სადაც პალესტინელები საპროტესტო აქციას მართავდნენ და მათ ასობით ულტრამემარჯვენე ებრაელი აქტივისტი დაუპირისპირდა.
პოლიციამ, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა, მანათობელი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რასაც მომიტინგეების ნაწილმა ქვებისა და ბოთლების სროლით უპასუხა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. იერუსალიმში სიტუაცია რამდენიმე დღეა დაიძაბა. პალესტინელები აცხადებენ, რომ პოლიცია მათ დამასკოს კარიბჭესთან რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებული შეკრებების უფლებას არ აძლევს.