აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკების გაჯანსაღების პროცესი იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეკონომისტები ვარაუდობდნენ. იზრდება წარმოება და ისევ აქტუალური ხდება მუშახელის ნაკლებობა, რომელიც ამ რეგიონისთვის, ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო დამახასიათებელი.
მუშახელის და სპეციალისტების ნაკლებობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან, დასავლეთში ინტენსიური ემიგრაცია წლების განმავლობაში გაგრძელდა. ახლა კი, რეგიონში ეკონომიკური ბუმია, რასაც მუშახელზე მოთხოვნის ზრდა მოჰყვა. შესაბამისად, იზრდება ხელფასები და ინფლაცია. ამის გამო, ჩეხეთის და უნგრეთის ცენტრალური ბანკები იძულებულნი არიან, თავიანთ ვალუტებზე (შესაბამისად, კრონა და ფორინტი) საპროცენტო განაკვეთები გაზარდონ.
ევროსტატის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნებიდან, აპრილში უმუშევრობის ყველაზე მცირე დონით, ჩეხეთი (3.4 პროცენტი), უნგრეთი (4.3 პროცენტი) და პოლონეთი (3.1 პროცენტი) გამოირჩეოდნენ.