ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან მილიციაა მობილიზებული, სადაც ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და უვადო საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ „სპუტნიკ-აბხაზია“ იუწყება. ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადავადებას ითხოვს, რაზეც დღეს ე.წ. პარლამენტმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადატანის საკითხს. არჩევნების გადავადების მოთხოვნით ბლოკი „ოპოზიციური ძალები“ გამოდის, რომელსაც კანდიდატად ბლოკის ლიდერის, ასლან ბჟანიას კანდიდატურის წარდგენა სურს. ასლან ბჟანია 18 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანია მოწამლეს. მას სისხლში ვერცხლისწყლის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა.