ნიუ-იორკში აფეთქება მოხდა. ქალაქის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში პოლიცია, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული. გამოცემა Dailymail-ის ცნობით, აფეთქება Greenwich Village-ის საცხოვრებელი კომპლექსის მეექვსე სართულზე მოხდა, რის შემდეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე 44 სახანძრო მანქანა და 200-მდე მეხანძრე იყო მობილიზებული. მომხდარის გამო Greenwich Village-ის საცხოვრებელი კომპლექსიდან და მიმდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი შესაძლოა შენობაში არსებული პიცერიიდან გაჩნდა, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. Greenwich Village-ის საცხოვრებელ კომპლექსში ბინების ფასი 525 ათასი აშშ დოლარიდან იწყება, 2 ოთახიანი ბინა კი 1.25 მლნ დოლარი ღირს.