ბევრი უკვე არქიტექტურულ სასწაულად მოიხსენიებს - აეროპორტი ზღვის დონიდან 1300 მეტრზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მსოფლიოში
ინდოეთის მეასე აეროპორტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სიკიმის შტატში გახსნა, შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იყოს. სიკიმი ჰიმალაებში მდებარე ყოფილი სამეფოა. მას 8 მაღალმთიანი უღელტეხილი აკავშირებს ტიბეტთან, ნეპალთან და ბუტანთან. ამ შტატში მდებარეობს მსოფლიოში სიმაღლით მესამე მთა კანჩენჯანგა.სიკიმის შტატში გახსნილ პირველ აეროპორტს ბევრი უკვე არქიტექტურულ სასწაულად მოიხსენიებს. ის ჩინეთის საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრის მანძილზეა და ზღვის დონიდან 1371 მეტრზე მდებარეობს. აეროპორტის ტერმინალს ერთდროულად 100 მგზავრის მიღება შეუძლია, იქ ასევე არის საპარკინგე სივრცე, რომელიც 50 ავტომანქანას იტევს. ასაფრენი ბილიკის ორივე მხარეს, რომლის სიგრძე 1,75 კილომეტრია, ხეობები მდებარეობს. ასაფრენ ბილიკს 9 წლის განმავლობაში აშენებდნენ. აეროპორტი კომერციული რეისების განხორციელებას 4 ოქტომბრიდან დაიწყებს. მოსალოდნელია, რომ აეროპორტი რეგიონში ტურისტები ნაკადს გაზრდის.