საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატებმა თბილისის საქალქო სასამართლოსთან განუცხადეს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ბრალდებულების გათავისუფლებას პირადი თავდებობით ითხოვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა და შსს სამინისტროს თანამშრომლები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.