შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი მისმა ადვოკატმა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. ადვოკატ სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შეხება არ ჰქონია მოკლულ ქალთან და ისინი მეზობლებიც არ ყოფილან. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო, აღნიშნულ საკითხს ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე ადასტურებს. ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაკავებული შანაე ბრუკის მეზობლად, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი კი ყაჩაღობაა - თავდამსხმელი შანაე ბრუკს „აიფონ 12“-ის წართმევას უპირებდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან გოგონამ ის ხრამში მოისროლა. მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის ადგილზე დანით ხელი გაიჭრა და ადგილზე მისი სისხლის კვალი დარჩა. სწორედ გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა დაკავებულის დნმ და მისი ვინაობა. Ambebi.ge-ის წყაროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.