თბილისში, 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
როგორც უფლებადამცველი საუბრისას აღნიშნავს, გიორგი ახლოური მასთან კონფლიქტის მიზეზებზე არ საუბრობს და ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს. ადვოკატი არ გამორიცხავს რომ ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენოს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მიშა ახლოურს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.