ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც სასჯელს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, გაუსაძლის მდგომარეობაშია. ადვოკატის განმარტებითვე, მინდია ლავასოღლი უკანონო პატიმარია თურქეთის რესპუბლიკაში, ამიტომ, ის კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელებას მოითხოვს.
მინდია ლავასოღლის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმაც, რომლის თქმითაც, ამ ეტაპზე საფრთხის წინაშე დგას არამხოლოდ ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მისი სიცოცხლეც. ადვოკატების ინფორმაციითვე, მინდია ლავასოღლი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ამასთან, დაკავებულის დის, ირინა გორაძის თქმით, მას მინდია ლავასოღლთან უკვე 3 კვირაა, რაც კომუნიკაცია არ ჰქონია.
შეგახსენებთ, "კანონიერ ქურდობაში" ბრალდებული მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავასოღლი" ამ დროისთვის სასჯელს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.