მიმდინარე წლის იანვარში, გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 5 პირის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი სოციალურ ქსელში მკვლელობის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
ადვოკატის განცხადებით, კადრებით რამდენიმე გარემოება დასტურდება, მათ შორის ის, რომ კონფლიქტის დაწყების მიზეზი იყო მერაბ კობიაშვილის მიერ მთვრალ მდგომარეობაში მიხეილ უნდილაშვილის უმიზეზოდ და განსაკუთრებული სისასტიკით ცემა. მისივე განმარტებით, კადრებში ჩანს, როგორ გაყავს მერაბ კობიაშვილს მიხეილ უნდილაშვილი მოფარებულ ტერიტორიაზე, სადაც შემდგომ მას ფიზიკურად უსწორდება. გარდა ამისა, როგორც ადვოკატი განმარტავს, ვიდეომასალაში ჩანს ისიც, რომ მომხდარის შემდეგ მერაბ კობიაშვილს ფიზიკურად უსწორდება მხოლოდ სამი ადამიანი, ორი კი მათ გაშველებას ცდილობდა.
ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.