თამთა თოდაძე ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატისთვის მარიამ კუბლაშვილისთვის ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში ჩივილს აპირებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" წარმომადგენლებისა და თოდაძის ადვოკატების განცხადებების მიხედვით, მარიამ კუბლაშვილი თვეების მანძილზე აქტიურად მიმოიხილავს, ასაჯაროებს და აკომენტარებს ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ დეტალებს ტელევიზიებში, ინტერნეტ გამოცემებსა და facebook-ზე თავის პირად გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტების საშუალებით. ამ გზით, მარიამ კუბლაშვილმა თამთა თოდაძეს, როგორც დაზარალებულს, არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დასცინა, დაემუქრა.
"საფარის" მიიჩნევენ, რომ ადვოკატმა ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა. თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.