2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ მილიარდ 538 მილიონ 200 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 24.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.6 პროცენტით გაიზარდა და მილიარდ 123 მილიონ 700 ათას დოლარს გაუტოლდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 327 მილიონ 200 ათასი დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 144 მილიონ 300 ათასი დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 85 მილიონი დოლარით.