ადგილობრივ ბაზარზე შესაძლოა, შავი და მექსიკური თეთრი სიმინდი გამოჩნდეს. ამ ეტაპზე პროდუქტები „ლოლაძეების ფერმაში“ ტექნოლოგიური ზრდის პროცესშია და მისი სამომავლო წარმოების საკითხი შემოდგომაზე გადაწყდება.
როგორც ეგზოტიკური ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, შავი და მექსიკური თეთრი სიმინდი ბუნებრივად მოყვანილი ჯიშებია, რომელსაც ჰიბრიდიზაცია არ განუცდია. ამასთან, მას დაფქვა არ სჭირდება და ცომის კონსისტენცია მარცვლის დამუშავებით მიიღება.
აღსანიშნავია, რომ შავი და მექსიკური თეთრი სიმინდი არ იქნება პირველი ეგზოტიკური პროდუქტები, რომელსაც „ლოლაძეების ფერმა“ მოიყვანს. ეს არის საოჯახო, მამისა და ორი შვილის ბიზნესი, რომლებიც მინი კივსა და კივანოს უკვე აწარმოებენ.