მდუმარე და უჩინარი, საიდუმლოებით მოცული ნინძა შუასაუკუნეების იაპონიიდან, მოუხელთებელ აჩრდილს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ ადამიანს და თავზარს სცემდა თანამედროვეებს. თუმცა დღეს, როცა ალესილი ხმლით შეიარაღებული, მუქი ფერის სამოსში დამალული მებრძოლი მხოლოდ მოხერხებული ჯაშუშის სიმბოლოა, რთული დასადგენია, რას წარმოადგენდა ის სინამდვილეში ან რამდენად მართალია მასზე შექმნილი ისტორიები და ლეგენდები. ნინძას დაბადებას სამყარო იაპონიის მთებში დაბინავებულ, ბუდიზმის ერთ-ერთი სკოლის - სინგონის მიმდევარ განდეგილ ბერებს - იამაბუსებს უნდა უმადლოდეს, რომელთაც აკუპუნქტურის და ფიტოთერაპიის, შხამის მომზადების ოსტატებად გაითქვეს სახელი და ზებუნებრივი ძალის პატრონებები, მკურნალობასთან ერთად ადამიანის მოკვლაც არ ერიდებოდნენ. იამაბუსები მომქანცველი ვარჯიშებით ცდილობდნენ გაკაჟებას, რადგან თვლიდნენ, რომ სხეული ჩინებული ინსტრუმენტი იყო სულის გამოსაწრთობად. ადგილობრივი გლეხები პატივს სცემდნენ იდუმალებით მოცულ განდეგილებს და ხშირადაც აკითხავდნენ საკუთარი პრობლემებით, რადგან ადამიანებისა და ცხოველების მკურნალობასთან ერთად, მხოლოდ მათ შეეძლოთ მოსავლის გადარჩენა და ამინდის მართვა. გარდა ამისა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განსწავლული ბერები მშვენივრად ერკვეოდნენ ასტრონომიასა და ქიმიაში, ბოტანიკასა და მედიცინაში, რაც მხოლოდ აძლიერებდა მათი ზებუნებრივი ძალის რწმენას ადამიანებში.