აჭარაში საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. 21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ერთდროულად იმართება.
აჭარაში უბანზე მისულ ამომრჩეველს ორი სხვადასხვა ფერის ბიულეტენი დახვდება. ყვითელი-აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის, ვარდისფერი-საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.
აჭარის ორი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე მზადყოფნაშია 300 საარჩევნო უბანი. მათ შორის, არის ბათუმის 28-ე საარჩევნო მაჟორიტარული ოლქის 120 საარჩევნო უბანი, ხოლო, 30-ე საარჩევნო მაჟორიტარული ოლქი ეკუთვნის მაღალმთიან აჭარას - ხელვაჩაურს, ქედას, ხულოსა და შუახევს. აქ 180 საარჩევნო უბანია.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ნესტან ნაკაშიძის განცხადებით, არჩევნების მე-2 ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ ორ მაჟორიტარულ ოლქზე შეადგენს 243 892 ამომრჩეველს.