აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აჭარაში თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევებიც დაფიქსირდა. ამასთან, რიჟვაძემ თავი შეიკავა პასუხისგან, არის თუ არა დაინფიცირებული პირი აჭარის მცხოვრები. თუმცა, აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსის გავრცელების საშიშროება რეგიონში არ არის.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის, stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის 3 შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. შესაბამისად, აჭარის შემთხვევაც სწორედ აღნიშნულ სტატისტიკაში შედის.
ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.