აბაშაში დაჭრილ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება, - ამის შესახებ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა დავით ჯანაშიამ განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ჯერჯერობით გართულებების საფრთხე კიდევ რჩება. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მეორე თანამშრომელიც, თუმცა მას მცირე ნაკაწრი აღენიშნება. შსს-ში აცხადებენ, რომ "დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - აღნიშნავენ უწყებაში.