შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის რეფორმას განაგრძობს, რომლის ერთ-ერთ კომპონენტია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მომსახურების განვითარება. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, დღეიდან თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა.პირველი სამუშაო დღის დაწყების წინ, ქვეით პატრულებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა, ახალი დანაყოფის მისიასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა, დავალებები მისცა და წარმატებები უსურვა. ამ ეტაპზე, პატრულის თანამშრომლები ქვეითად განახორციელებენ პატრულირებას დედაქალაქის იმ უბნებსა და ქუჩებში, სადაც გასართობი ინფრასტრუქტურაა განთავსებული.