ცხენის და ვირის ხორცი ხინკალში, ბლინში, ქაბაბში, გუფთასა და ბასტურმაში - საწარმოები, რომლებშიც დარღვევები გამოვლინდა, 1000 ლარით დაჯარიმდნენ - Palitra News

ცხენის და ვირის ხორცი ხინკალში, ბლინში, ქაბაბში, გუფთასა და ბასტურმაში - საწარმოები, რომლებშიც დარღვევები გამოვლინდა, 1000 ლარით დაჯარიმდნენ

2018-04-03 13:25:41+04:00

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცისა და ხორცპროდუქტების ნიმუშების შემოწმებისას, 9 შემთხვევაში ცხენისა და ვირის ხორცი გამოავლინა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს. სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე, ვირის ხორცი.

მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.