საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, მისი შვილი უკრაინის ხელისუფლებას უკანონოდ ჰყავს დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალასანიამ განუცხადა, მას საკმაოდ მწირი ინფორმაცია გააჩნია შვილის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, თუ საჭირო გახდება, უკრაინაში ის პირადადაც ჩავა. „მისი დაკავება სრულიად უკანონოა. სად გაგონილა ასეთი ამბავი, თან დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია და ევროკავშირისთვის ემზადებიან. თუ საჭირო ვიქნები, მეტყვიან და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავალ. ჩემი ინიციატივით არსად არ ჩავალ, რომ ხელი არ შევუშალო. საქმე როგორც მოითხოვს, ისე მოვიქცევი“, - განაცხადა გიული ალასანიამ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანია ვარაუდობს, რომ მის შვილს შესაძლოა ფილტვების ანთებაც ჰქონდეს. „მე ყველაზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს, რადგან ტელეფონით ვერ ვუკავშირდები, თვითონ ვერ მიკავშირდება და ასე შემთხვევით ვიღაც თუ რამეს მეტყვის. ვიცი, რომ გაცივდა. არ ვიცი, რამდენად ჰქონდა ან აქვს ფილტვების ანთება, მაგრამ ხშირად ჰქონდა ბავშვობაში, აქედან გამომდინარე, მიდრეკილება აქვს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის დედამ.რაც შეეხება შიმშილობის გამოცხადებას, გიული ალასანიას თქმით, მისმა შვილმა „ისეთი გზა აირჩია, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ამის თანმხლებია“. მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.