ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში და შენობაში მყოფი ადამიანების სამაშველო ოპერაციაში პირველივე წუთებიდან, მყისიერად ჩაერთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა: 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.