"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში ამ დრომდე შეჩერებულია - Palitra News

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში ამ დრომდე შეჩერებულია

2017-11-13 11:54:31+04:00

პარლამენტში დროებით შეჩერებულია კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვით, მიწებთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი ბანკებსა და ”განსაკუთრებულ შემთხვევებზე” არ ვრცელდება. საპარლამენტო უმრავლესობამ საკითხის განხილვა სექტემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით დაიწყო, თუმცა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, პროცესი აღარ გაგრძელებულა. საკითხს მმართველი გუნდი არც არჩევნების შემდეგ განახლებული მოსმენების ფარგლებში დაბრუნებია. საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ანრი ოხანაშვილი პროექტის კორექტირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მასში შესაძლოა კიდევ განხორციელდეს ცვლილებები, რაც მსჯელობის საგანია. დეპუტატი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდის დაუბრუნდება პარლამენტი კანონპროექტის განხილვას, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ პროექტის მიღება წლის ბოლომდე მოხდეს. პარლამენტში სექტემბერში დარეგისტრირდა და ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჩაქრებული წესით დაიწყო “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე და ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება. შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება ”განსაკუთრებულ შემთხვევებზე”, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.