არსებული ინფორმაციით, მთავრობამ ფინანსთა ახალი მინისტრის კანდიდატურებზე მსჯელობა დაასრულა და გადაწყვეტილება მიიღო.როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნულ პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილს "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე შეცვლის. ბახტაძე 35 წლისაა.მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციებისას, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ასევე განიხილებოდა დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურაც.რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უხელმძღვანელებს, რომელთა გაერთიანებაც სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებშია დაგეგმილი.რაც შეეხება ბახტაძის წარსულს, ის "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის მარტში დაინიშნა.მამუკა ბახტაძე 35 წლისაა, ის 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.აღსანიშნავია რომ, ის ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებს საქართველოში. "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის წლიური ანაზღაურება 225 134 ლარია. ამასთან, იგი პარალელურად არის "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიების - შპს "ჯორჯია ტრანზიტის" და შპს "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც, საიდანაც მისი შრომითი ანაზღაურება ერთობლივად 64 457 ლარია. საერთო ჯამშიმამუკა ბახტაძის მიერ მიღებული წლიური შემოსავალი 2016 წლის მონაცემებით, 289 591 ლარს შეადგენს, რაც თვეში საშუალოდ 24 132 ლარია.