როგორც იქნა, ავიაკომპანიის წარმომადგენლის მეშვეობით გადმომცეს ჩემი შვილი, გეგონება ბანდეროლი იყო, - დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.მისი თქმით, სანამ აეროპორტში იმყოფებოდა, სხვა მგზავრებისგან კანონის დარღვევის ბევრი სხვა ისტორია მოისმინა. „უკანონობა მარტო მე რომ მეხებოდეს, ასე საჯაროდ არ ვუპასუხებდი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.მანამდე მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში ჰყავდათ დაკავებული. „ორი საათის წინ ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს ჩემი 11 წლის შვილი და მასთან მყოფი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი. სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი, რომელიც თან ახლდა ჩემს შვილს, ოფიციალურ მივლინებაში იმყოფება. მათ ყველა საბუთი წესრიგში აქვთ, მაგრამ ორი საათია უკვე, რაც ცალკე ოთახში ჰყავთ გადაყვანილი, მიზეზების ახსნის გარეშე. აეროპორტში მივდივარ, რათა გავარკვიო, თუ რა ხდება“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.ამის შემდეგ ის აერპორტში მივიდა, საიდანაც მომხდარის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა. „დაცვის თანამშრომელი, რომელიც ჩემს შვილს თან ახლდა, ექვსმა მესაზღვრემ დააკავა. კონსტიტუციის თანახმად, ჩემი შვილი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტია. დაცვის თანამშრომელი თვითმფრინავში ჩასვეს. თქვეს, რომ ჩემს შვილს აქ გადმომცემდნენ. აქ არავინ იყო. ჩვენ ახლახან მოვედით. ავიაკომპანიაში არაფერი იციან. ამბობენ, რომ შსს დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს, თითქოს ეს ბანდეროლი იყოს. ეს ყველა კანონის დარღვევაა. სპეციალურად გამოვედი პირდაპირ ეთერში. აქ ვდგავარ. სრული იდიოტები ხართ. მომეცით ჩემი შვილი. ჭკუიდან გადახვედით?! 40 წუთია, სადღაც გაქრა. ის არასრულწლოვანია. სად არის ჩემი შვილი?! პოროშენკოს ვეკითხები, სად არის ჩემი შვილი?! პეტია, მოგეწონებოდა, შენს შვილს ასე რომ მოქცეოდნენ?! სწრაფად მომეცით ჩემი შვილი!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.