საკვები კარგად მომზადდეს საჭიროა ჭურჭელი თანაბრად გახურდეს, ყველაზე თანაბრად კი სიმხურვალე თუჯის, კერამიკისა და ტეფლონის დაფარვიან ჭურჭელზე ნაწილდება. ყველაზე სწრაფად კერძი ტეფლონისა და უჟანგავი მეტალის ჭუჭრელში მზადდება, ასევე შედარებით მალე მზადდება კერძი ემალის ჭურჭელში. შუშის, კერამიკისა და თუჯის ქვაბში კი, იგივე საკვების მომზადებას, თითქმის ორჯერ მეტი დრო სჭირდება. ყველაზე ნაკლებად საკვებს ტეფლონისა და კერამიკის ზედაპირიანი ტაფა იკრავს, ასევე არ იკრავს საჭმელს თუჯის ჭურჭელიც, თუმცა კერძების მოსამზადებლად თუჯს შედარებით მეტი ცხიმი სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია თქვენმა მომზადებულმა კერძმა ჭურჭელში დიდი ხანი შეინარჩუნოს მაღალი ტემპერატურა, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი თიხისა, თუჯის და უჟანგავი მეტალის ჭურჭელია. უჟანგავი მეტალის ქვაბებსა და ტაფას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს, მათი სახელური არ ხურდება და ამ მხრივ ისინი კომფორტულია. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, თუჯისა და თიხის ჭურჭელი მძიმეა, ამიტომ მათი ყოველდღიური გამოყენება არ არის კომფორტული, თუმცა თუჯის, ისევე როგორც უჟანგავი მეტალისა და შუშის ჭურჭლის ზედაპირი ყველაზე რთულად ზიანდება და მათი გამოყენების ვადა, სხვა ტაფებთან შედარებით მეტია, ამ მხრივ ყველაზე ცუდი ტეფლონის ჭურჭელია, რადგან მისი ზედაპირი ყველაზე მარტივად ზიანდება. შუშის ჭურჭეელი ადვილად მსხვრევადია, გარდა ამისა ის მგრძნობიარეა ტემპერატურის მკვეთრი ცვლის მიმართ და მაცივრიდან გამოდგმულ შუშის ცივ ქვაბს ვერ დადგამთ ქურაზე, ასევე ვერ შეუშვერთ ცხელ შუშის ჭურჭელს ცივ წყალს, რადგან ორივე შემთხვევაში დიდი ალბათობით ჭურჭელი დაზიანდება. შუშის ქვაბს ასევე ვერ დადგამთ პირდაპირ ცეცხლზე, მას სპეციალური გამანაწილებელი დასჭირდება. ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ, ყველაზე ადვილად მოსახმარი თუჯის, უჟანგავი მეტალის, კერამიკისა და ტეფლონის დაფარვიანი ქვაბები და ტაფებია.