ქართული ჯარი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება. მინისტრის ბრძანებით, „დელტამ“ თავდაცვის უწყებისგან უპრეცენდენტო, ხუთ მილიონ ლარამდე, ღირებულების შეკვეთა მიიღო. გამოყოფილი თანხით „დელტა“ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს დაამზადებს. პროდუქციის ტექნიკური მონაცემები შეიარაღებული ძალების მოთხოვნებზე იქნება მორგებული, რაც, თავის მხრივ, პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის სისტემებს თანამედროვე, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრმა დღეს „დელტაში“ სტუმრობისას განაცხადა. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში ლევან იზორია დაესწრო ჯარისკაცის იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოცდა-ტესტირებას, რომლითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი აღიჭურვება.