ბიზნესმენი, რომლის გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით თბილისსა და წეროვანში 4 პირი დააკავეს, სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა. სამშენებლო კომპანია ”სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე ყვება, რომ ის სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. ბიზნესმენის თქმით, ოთხმა გამტაცებელმა, რომელიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, თავზე ტომარა ჩამოაცვა და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანა. ჯიბლაძის თქმით, გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. ”რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ჯიბლაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული.