თბილისში, ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები გაზზე აღარ იმუშავებენ. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა - 101-ვე ე.წ. მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი. 2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დარღვევით აღჭურვილი გაზის აპარატურის დემონტაჟს მოითხოვდა. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ მერიის პოზიცია გაიზიარა, რის შემდეგაც კომპანიებმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს. სულ, დედაქალაქში, 1800 ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს.