"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ "გაზპრომის" საკითხზე ამ მოცემულობაში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში "360 გრადუსი” აღნიშნულ თემაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" იყო ის გუნდი, რომელმაც ქართულ კომპანიებსა და სტრატეგიულ ობიექტებში რუსული კომპანიები შემოიყვანა. ამ კონტექსტში ზარქუამ "თელასი" დაასახელა. მისივე თქმით, სწორედ სააკაშვილის გუნდი და კონკრეტულად კახა ბენდუქიძე იყო, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთისთვის გაზსადენის მიყიდვას, "რაც იქნებოდა რუსეთისთვის დამატებითი სერიოზული ბერკეტი, რათა საქართველოზე გავლენა მოეხდინა".