ჰაბ ჯორჯია საქართველოს რკინიგზას რუსული კომპანია "როსნეფტისთვის" მონოპოლიური მდგომარეობის შექმნაში ადანაშაულებს. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის დამფუძნებელი სარკინიგზო გადაზიდვებში კორუფციული გარიგებების რისკებსაც ხედავს. ვასო ურუშაძის განმარტებით, საქართველოს რკინიგზამ ნავთობპროდუქტების იმპორტითა და რეექსპორტით დაინტერესებულ ერთ-ერთ კომპანიას სომხეთის მიმართულებით ტვირთის გატანაზე არარეალურად მაღალი ფასი მოსთხოვა.
ბრალდებებს უარყოფენ საქართველოს რკინიგზაში. დაჩი ცაგურიას განცხადებით, სექტორში მონოპოლიური გარიგებები ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აღმოიფხვრა, რის შედეგადაც რკინიგზამ 693 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოგება მიიღო. ცაგურიას განმარტებით, სომხეთის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვას შეძლებს ყველა კომპანია, რომელიც შესაბამის ფასს გადაიხდის.
სატრანსპორტო კომპანია "მაქსპაუერ პეტროლიუმში" აცხადებენ, რომ მათსა და საქართველოს რკინიგზას შორის საქმიანი ურთიერთობა ვერ შედგა. ნავთობპროდუქტებიის რეექსპორტით დაინტერესებული კომპანიის წარმომადგენის განმარტებით, საქართველოს რკინიგზის მიერ დასახელებული ფასი არარეალურად მაღალია და არცერთი კომპანიის კომერციულ ინტერესში არ ჯდება.