
მეზობელი ქვეყნებიდან კომპანიები საქართველოში გადმოდიან, რათა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ბენეფიტებით ისარგებლონ - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ „ბიზნესპრესნიუსს“ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ განუცხადა.
ის რომ, საქართველოში ბიზნესს მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები საკმაოდ აქტიურად იწყებენ, ამაზე სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. მხოლოდ 2022 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში მეზობელი ქვეყნებიდან 800 ბიზნეს-სუბიექტი დარეგისტრირდა, საიდანაც ქართველ დამფუძნებელთან ერთობლივი მხოლოდ 101 იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 5 თვეში ყველაზე მეტი ბიზნეს-სუბიექტი რუსეთიდან დარეგისტრირდა, მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგ აზერბაიჯანი და ბოლოს სომხეთი.
უფრო კონკრეტულად, საქართველოში 2022 წელს 409 რუსული, 281 თურქული, 74 აზერბაიჯანული და 36 სომხური ბიზნეს-სუბიექტი დარეგისტრირდა.





