საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის გააქტიურებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები პოლიტიკურ სივრცეში ახალი დისკუსიის თემა გახდა. მთავრობის პოზიციით, უახლოეს პერიოდში პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადავა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულების პირობების გადახედვამ პროექტის ღირებულება დაახლოებით 53 მილიონი დოლარით შეამცირა, რაც სახელმწიფოსთვის ფინანსურ დაზოგვას ნიშნავს. ეკონომიკის სამინისტროს მხრიდანაც გაკეთდა აქცენტი იმაზე, რომ ეს ცვლილებები ქვეყნის ბიუჯეტისთვის პოზიტიურ ეფექტს მოიტანს.ამასთან, კვლავ უცნობად რჩება მთავარი ინვესტორის საკითხი, რაც პროექტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად ითვლება.ოპოზიციაში განსხვავებული შეფასებები ისმის. პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება საზოგადოებას მცდარ წარმოდგენებს აწვდის. მათივე შეფასებით, ანაკლიის პორტის ამჟამინდელ პროექტს რეალური პერსპექტივა არ გააჩნია.მსგავს კრიტიკას იზიარებენ სხვა ოპოზიციური ძალებიც, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ როგორც პროექტის ეკონომიკურ ეფექტიანობას, ისე მისი განხორციელების რეალურ შესაძლებლობას.