საქართველოს ხელისუფლება აშშ-ისგან უკვე არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ კონკრეტულ ქმედებებს ელოდება. ეს მოლოდინი კი გაძლიერდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შორის გამართულმა სატელეფონო საუბარმა, რასაც, მმართველი პარტიის ლიდერთა შეფასებით, შესაძლოა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა მოჰყვეს.მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე კონტაქტები და ასევე ამერიკული დელეგაციის შესაძლო ვიზიტი საქართველოში შეიძლება გარდამტეხ ეტაპად გადაიქცეს. მათივე შეფასებით, ეს პროცესი ურთიერთობების „განახლების“ შესაძლებლობას ქმნის და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ახალ დინამიკას მისცემს.ოპოზიცია ამ მოლოდინს სკეპტიკურად უყურებს და არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან შეიძლება დაიწყოს. მათივე აზრით, არსებული პოლიტიკურ-დიპლომატიური კონტექსტი ამის საფუძველს არ იძლევა.