სურსათის ეროვნული სააგენტო მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - Palitra News

სურსათის ეროვნული სააგენტო მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2026-04-01 20:22:41+04:00

ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს, მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას,- ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას, რაც საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ისინი დაავადებებისგან, ასევე, დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება.

„ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ჯერ მხოლოდ სატესტო არეალებზე დაიწყო (იმერეთი, კახეთი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და შესაბამისად, სიმართლეს არ შესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნული ლოკაციებიდან აყვანილ ძაღლებს ეტაპობრივად აბრუნებს აყვანის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსხვავებული მიდგომაა სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების ტერიტორიებიდან აყვანილი ცხოველების შემთხვევაში. ისინი ბრუნდებიან არსებული ტერიტორიების მოშორებით.

რაც შეეხება ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს, მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ოპერატიულად შემოწმდა გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია. გადამოწმების შედეგად, სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.

მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი, რომლის ფუნქციონირებაზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, ინსინერატორში ხდება თავშესაფრის ბინადარი ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების და გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია“,- ნათქვამია განცხადებაში.