დოკუმენტი რომ გავხსენი, თვალში მომხვდა ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩანაწერი, რომ ის იყო დაკავებული, რადგან „წულუკიანის კომისიაზე“ არ მივიდა. ისიც კი არ აქვთ განმარტებული, რომ ეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაა - ამ ხალხთან რა გვაქვს სასაუბრო? მათთვის ჩვენ მეჩვიდმეტეხარისხოვანი ბანანის რესპუბლიკა ვართ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას იმის შესახებ, რომ „საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშის მისაღებად ემზადება“.
პაპუაშვილის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და სწორედ ამას მიჰყავს ურთიერთობა იმ დონემდე, რომელზეც ახლა არის“.
„დოკუმენტი რომ გავხსენი, თვალში პირდაპირ მომხვდა ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩანაწერი, რომ ის იყო დაკავებული, რადგან რომ არ მივიდა „წულუკიანის კომისიაზე“. ეს ტერმინი არის გამოყენებული. შემდეგ, ჩავუყევი, სადმე განმარტებული თუ აქვთ და თუ წერია, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაა. სქოლიოში ხომ მაინც უნდა მიეთითებინათ? ვინც არ იცნობს ჩვენი რადიკალების ლექსიკონს და ლექსიკას, ის ვერც მიხვდება. ისიც კი არ აქვთ განმარტებული. ამ ხალხთან რა გვაქვს ჩვენ სასაუბრო, რომელიც პატივს არ სცემს ქართველ [ხალხს]? ეს ხომ აჩვენებს, რომ ისინი საქართველოს და ქართველ ხალხს პატივს არ სცემენ. მათთვის ჩვენ ვართ მეჩვიდმეტეხარისხოვანი ბანანის რესპუბლიკა, რომელშიც ჩამოვიდნენ რაღაცების საქადაგებლად. ჩვენ ვგონივართ კულტურისგან შორს მდგომი, რაღაც მათ მაღალ მატერიებთან არნაზიარები ადამიანები.
რა ღირებულებებზე უნდა ვესაუბროთ? ეს არის ზუსტად საბჭოთა აზროვნება. სხვა რამე იყო საბჭოთა კავშირი? ჩვენ იმას ვშიშობთ, რომ საბჭოთა კავშირისკენ [მიექანებიან]. კი არ მიექანებიან, იქ არიან უკვე. ზოგიერთი უკვე დიდი ხანია. ამას ხანდახან, საბჭოთა მოსკოვიც კი არ კადრულობდა.
ამ ე.წ. ლიბერალურ სამყაროში ამას კადრულობენ. ასე გვაკნინებენ ქართველებს. გვთვლიან მეჩვიდმეტეხარისხოვან ერად, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო არ გვაქვს, რომ ჩვენ ჩვენი პარლამენტი არ გვაქვს, რომ ჩვენს პარლამენტს შეუძლიათ რაღაცები უწოდონ ისე, როგორც მათ გემოვნებაშია. ასე რომ, ამ ხალხთან სინამდვილეში, არაფერ ღირებულებით საკითხზე სასაუბრო არ გვაქვს. ისინი იხარშებიან საკუთარ ზიზღში მათ შორის, იმის მიმართ, რომ თავისი ხელისუფლება ვერ დასვეს საქართველოში. ასე რომ, არ ვიცი, ვინ მიიღებს მონაწილეობას [ხელისუფლების მხრიდან], მაგრამ ამათ რა ვესაუბროთ?
რაც შეეხება ამ ფურცლებს, რომლებიც დაიწერა ამ ადამიანების მხრიდან. როგორც გახსოვთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჯგუფი იყო ჩამოსული და საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება იცით რა არის. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ის არის, ვინც პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. სხვა რა არის სუვერენიტეტი, თუ არა პატივი სცენ შენს არჩევანს. როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პატივს არ სცემს ქართველი ხალხი არჩევანს და ცდილობს, რომ მან უკარნახოს ქართველ ხალხს არჩევანი, ამას მიჰყავს ურთიერთობა იმ დონემდე, რომელ დონეზეც ახლა არის. რა თქმა უნდა, სანამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, მანამდე ჩვენ მათთან სასაუბრო არაფერი არ გვაქვს.
არაფრის დატოვებას არ ვაპირებთ, ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრი ვართ და პირიქით, უნდა ვაიძულოთ, რომ პატივი სცენ სუვერენიტეტს. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც დამოუკიდებლობა ციდან დაეცა. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ, სისხლი დავღვარეთ დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. იმისთვის არ დაგვიღვრია სუვერენიტეტისთვის სისხლი, რომ თავის ქვეყანაში ორპროცენტიანი მხარდაჭერის მქონე დეპუტატმა, რომელიც პასაჟში გამოიჭიმება და თავი ქვეყნის მმართველი ჰგონია, მან ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი დააკნინოს. ყველას მიმართ გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია. ვინც საქართველოს სუვერენიტეტს პატივს არ სცემს, ის არ არის ქართველი ხალხის მეგობარი და შესაბამისი პასუხი გაეცემა ყველას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშის მისაღებად ემზადება. მათივე ცნობით, ერთ კვირაში, სტრასბურგში, 46 ქვეყნის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის დელეგატები შეიკრიბებიან და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. არსებული ცნობით, სხდომაზე განიხილება დოკუმენტი, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადა. ანგარიშში საუბარია "პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, სავარაუდო წამებაში ბრალდებული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე და ახალი კანონების გაუქმებაზე“.