რასა იუკნევიჩიენე - ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა - წევრ ქვეყნებს ძალა აქვთ, რომ ევროკავშირის პოლიტიკა შეცვალონ და იმედია მიდგომა შეიცვლება: შეიძლება პასუხისმგებელ პირებზე სანქციების დაწესება - Palitra News

რასა იუკნევიჩიენე - ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა - წევრ ქვეყნებს ძალა აქვთ, რომ ევროკავშირის პოლიტიკა შეცვალონ და იმედია მიდგომა შეიცვლება: შეიძლება პასუხისმგებელ პირებზე სანქციების დაწესება

2026-03-19 16:57:02+04:00

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს საქართველოში. ჩვენთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილებიდან ვისწავლოთ. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ძალაუფლების მიტაცება მოხდა. ჩემი შეფასება ასეთია: ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა, პირველივე არჩევნებიდანვე, როდესაც მისმა პარტიამ 2012 წელს გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, ის რუსეთიდან მილიარდებით დაბრუნდა, რათა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეეცვალა. მისი და რუსეთის, ანუ კრემლის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ავტორიტარული მმართველობა - ისეთი, როგორსაც ბელარუსსა და რუსეთში ვხედავთ. ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში კრემლის წარმატებაც არის. მან და მისმა პარტიამ ქართველ ხალხზე მანიპულირება მოახდინა. საჯაროდ ამბობდა, რომ ევროკავშირის მხარდამჭერი იყო, მაგრამ პრაქტიკაში საპირისპიროს აკეთებდა. მათ მანიპულირება აქაც, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაშიც შეძლეს“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მისი თქმით, „ევროკავშირის პოლიტიკა 2024 წლის არჩევნებამდე, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის მცდელობა, შესაძლოა აუცილებელი, მაგრამ არასწორი იყო, როგორც ეს ახლა ჩანს“.

„ეს არასწორი იყო, ისევე როგორც პუტინის შემთხვევაში 2022 წლამდე. ახლა ევროკომისია რეალობას ხედავს. ეს კომისიის 2025 წლის ანგარიშშია ასახული. წევრი სახელმწიფოების მიმართ ბევრი კრიტიკა მაქვს. მათ იმის ძალა აქვს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა შეცვალონ. საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს და იმედია მიდგომა შეიცვლება, კერძოდ, სანქციების დაწესება შეიძლება პასუხისმგებელ პირებზე. მებრძოლი ქართველი ხალხისთვის დახმარება ის იქნება, რომ მათი დავიწყება არ მოხდეს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.