ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება და რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია. ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 30 წლის ქალი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შემდეგ ცენტრალურ ისრაელში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა - მედიის ინფორმაციით, შესაძლოა ირანული კასეტური ბომბი აფეთქებულიყო.
ამავე დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე ირანისთვის ღიაა, თუმცა დახურულია აშშ-ის, ისრაელისა და მათი მოკავშირეების გემებისთვის. მისი თქმით, თეირანი ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვს და კონფლიქტის დასრულება ისე სურს, რომ მსგავსი თავდასხმები მომავალში აღარ განმეორდეს.
საერთაშორისო პოზიციები განსხვავებულია: გერმანია ნატოს პირდაპირ როლს ვერ ხედავს, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად სრუტის გახსნის გეგმაზე მუშაობს, ხოლო ესპანეთი სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას გამორიცხავს.