ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, მისი წევრი ქვეყნები ისტორიაში ნავთობის უდიდეს რაოდენობას გაიტანენ ბაზარზე. ამის შესახებ განცხადებას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 11 მარტს სააგენტოს 32 წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა, რომ საკუთარი საგანგებო მარაგებიდან ნავთობის 400 მილიონი ბარელი გაიტანონ ბაზარზე, რათა გადაფარონ ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად ბაზარზე გაჩენილი პრობლემები.
საგანგებო მარაგები ბაზარზე ხელმისაწვდომი გახდება თითოეული წევრი ქვეყნის ეროვნული გარემოებების შესაბამისი ვადების განმავლობაში და მას ზოგიერთი ქვეყნის მიერ მიღებული დამატებითი საგანგებო ზომები დაემატება.
ცნობისთვის, აქამდე IEA-ის წევრი ქვეყნების მიერ ბაზარზე კოლექტიურად გამოტანილი ნავთობის მარაგები 182.7 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას მოყვა.