ლევან იოსელიანი ეუთო-ს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ - ძირითადად აინტერესებდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ - მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო აქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საქმეებს და სახელმწიფოს რეაგირებას - Palitra News

ლევან იოსელიანი ეუთო-ს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ - ძირითადად აინტერესებდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ - მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო აქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საქმეებს და სახელმწიფოს რეაგირებას

2026-03-10 14:47:14+04:00

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას და საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ასევე შეეხო იმ კანონპროექტებს, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში დააინიცირა და მიიღო.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ძირითადად აინტერესებდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ. იმ ანგარიშის ირგვლივ გვქონდა საუბარი, რომელიც პარლამენტში შარშან წარვადგინე და რომელიც ეხებოდა 2024 წლის დეკემბერში მიმდინარე მოვლენებს თბილისის ქუჩებში, მათ შორის დღეს საპატიმროში მყოფი ადამიანების მდგომარეობას. ასევე, საუბარი იყო იმ გამოძიებაზე, რომელიც დაწყებულია ამ საქმეებზე და სამწუხაროდ, ბოლომდე არ არის მიყვანილი. ამ საკითხებზე ჩემგან დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია",- განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციებსა და შეფასებებს, იოსელიანის განმარტებით, მათ შესახებ ვერ ისაუბრებს.

სახალხო დამცველის განმარტებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აქციების დროს დაშავებულ მოქალაქეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე.

„მათ მაგივრად პოზიციის გაჟღერება გამიჭირდება, ალბათ, თვითონ ისაუბრებენ. შემიძლია ვთქვა იმ საქმიანობაზე, რასაც მე, როგორც სახალხო დამცველი ვახორციელებ. ალბათ, იცით, რომ საკონსტიტუციო სარჩელი წარვადგინე სასამართლოში, სადაც მოვითხოვე მიღებული კანონმდებლობის ნაწილის ცვლილება, რადგან მიმაჩნია, რომ არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან. საკონსტიტუციო სარჩელი წარდგენილია იმ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას, ნიღბების ტარების აკრძალვას და ა.შ. ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სწორედ აქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების საქმეების განხილვას, ამ საკითხზე სახელმწიფოს რეაგირებას და ჩვენს როლს. ამ ყველაფრის ირგვლივ მათ ინფორმაცია მივაწოდე",-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ასევე მიხეილ ყაველაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს გელა გელაძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

დელეგაცია საქართველოს 8 მარტს ეწვია და ვიზიტს დღეს დაასრულებს. მას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია); პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.