ჯო უილსონი - „ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ ძალიან შეშინებულია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ის ირანის რეჟიმთან თანამშრომლობს, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, გააჩუმონ ექსპერტები - ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ - Palitra News

ჯო უილსონი - „ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ ძალიან შეშინებულია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ის ირანის რეჟიმთან თანამშრომლობს, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, გააჩუმონ ექსპერტები - ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ

2026-03-09 21:07:04+04:00

ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ ძალიან შეშინებულია იმით, რომ ამერიკელები გაიგებენ იმას, რომ ის ირანის რეჟიმთან თანამშრომლობს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება და X-ზე აზიარებს „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების შესახებ, ჰადსონის მიერ საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, რომლის თანაავტორებიც არიან ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი.

„ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ ძალიან შეშინებულია იმით, რომ ამერიკელები გაიგებენ იმას, რომ ის ირანის რეჟიმთან თანამშრომლობს, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ გააჩუმონ ექსპერტები, რომლებიც ამ ფაქტს აღნიშნავენ. ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ“, - წერს უილსონი X-ზე.

ცნობისთვის, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გივი თარგამაძე, გუბაზ სანიკიძე, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი დაიბარეს.

მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება უკვე მისცა გუბაზ სანიკიძემ, თინა ხიდაშელმა და გიორგი კანდელაკმა. გუშინ, სუს-ში გამოკითხვაზე ასევე, იმყოფებოდა გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე.

გამოკითხვაზე დაბარებულებთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ჰქონდათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.

ზემოაღნიშნული პირები სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყვნენ გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

რაც შეეხება გივი თარგამაძეს, თავდაპირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მედიასაშუალებებიდან შეიტყობდა ან გადასცემდნენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“.

მოგვიანებით, უწყებამ დაადასტურა, რომ თარგამაძე საქართველოში არ იმყოფებოდა.