ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. სახელმწიფო ბრალდება ელისაშვილის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობდა. დაცვის მხარე კი პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, თუმცა სხდომა რეპლიკების ეტაპზე გადაიდო.
სასამართლოზე ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრისა და ციხიდან დარეკვის აკრძალვა უსამართლოდ მიაჩნია. როგორც თავად აღნიშნავს, ვერ ხვდება როგორ შეიძლება შვილებთან შეხვედრამ ან სატელეფონო საუბარმა მოწმეებზე ზემოქმედება გამოიწვიოს და აღნიშნული შეზღუდვები სადიზმად შეაფასა. ელისაშვილმა ასევე მოითხოვა, რომ ჩხრეკისას ამოღებული ოჯახის ლეპტოპები დაუბრუნონ.
გამოძიების ვერსიით, ელისაშვილი 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეღწევასა და ხანძრის გაჩენას ცდილობდა. ბრალდება 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.