პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი დაწესდეს, საქართველოს ყველა მოქალაქე კი საზღვარზე განსაკუთრებულ კონტროლს დაექვემდებაროს, შეიძლება არსებობს
მინიშნება, რომ ევროკავშირს შეუძლია აამოქმედოს სავიზო რეჟიმი მოქალაქეების მიმართაც, „თუ საკმარისად მომთხოვნები არ იქნებიან ხელისუფლების მიმართ“.
როგორც ჩიტაძემ განაცხადა, საფრთხე, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც დაუწესდეთ, არსებობს.
„არსებობს შესაძლებლობა რომ სავიზო რეჟიმი შემდეგში საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდეს. არსებობს პრეცედენტი, როდესაც მაგალითად, ევროკავშირმა გააუქმა უვიზო რეჟიმი ალბანეთის მოქალაქეებისთვის, თუმცა იქ საუბარია 1-წლიან გაუქმებაზე, ყოველ შემთხვევაში, პრეცედენტი არსებობს. ჯერჯერობით ორიენტაცია არის დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე, ვინც საჯარო სექტორის წარმომადგენლები არიან. საფრთხე არსებობს ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქე დაექვემდებარება სიღრმისეულ და ვრცელ ინტერვიუს იმასთან დაკავშირებით რა მიზეზითაა ჩასული ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყანაში, ასევე ალბათ იქნება მოთხოვნა, რომ წარდგენილი იყოს კონკრეტული საბუთები. აქედან გამომდინარე, შეიძლება არის მინიშნება საქართველოს მოქალაქეების მიმართაც, რომ ევროკავშირს შეუძლია აამოქმედოს სავიზო რეჟიმი მოქალაქეების მიმართ, თუ საკმარისად მომთხოვნები არ იქნებიან საკუთარი ხელისუფლების მიმართ. აქ ერთი კითხვა არსებობს - ევროკავშირი პირდაპირ ამ კითხვას არ დასვამს, მაგრამ რატომ არის რომ მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ რომელიც ევროკავშირს ლანძღავს, მაგრამ ამავე დროს ევროპაში სიარული უნდათ, მათ შორის „შოპინგისთვის“? ეს ყველაფერი ერთმანეთთან არ თავსდება. ამიტომ, გარკვეულწილად მოქალაქეების მიმართ მოთხოვნა არსებობს, თუმცა უპირველესად მოთხოვნა და შეკითხვები არსებობს საქართველოს ხელისუფლების მიმართ“,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.