საპარლამენტო უმრავლესობა დღეს „გრანტების შესახებ“ კანონში და კიდევ ექვს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებების მიღებას, სავარაუდოდ, ერთ დღეში, სამივე მოსმენით გეგმავს. ინიციატივის მიხედვით, გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი ფინანსური ან მატერიალური რესურსი, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობას უკავშირდებოდეს. საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის დამატებას სახელწოდებით „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. ამ ნორმის მიხედვით, მასობრივი კანონდარღვევისკენ საჯარო მოწოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამის მიზანი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ძალების შესაძლო ჩარევის პრევენცია და კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა. ოპოზიციაში კი ამ ინიციატივას მკაცრად აკრიტიკებენ და მას „რეპრესიულს“ უწოდებენ.