საქართველოში ყოველ მე-2 ადამიანს სესხი აქვს. მოსახლეობის 10% ე.წ. შავ სიაშია - Palitra News

საქართველოში ყოველ მე-2 ადამიანს სესხი აქვს. მოსახლეობის 10% ე.წ. შავ სიაშია

2026-02-05 14:51:57+04:00

საქართველოში ყოველ მე-2 ადამიანს სესხი აქვს. მოსახლეობის 10% ე.წ. შავ სიაშია. ვადაგადაცილებული სესხების ჯამური ოდენობა კი თითქმის 3 მილიარდია. ასეთია „კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის ბოლო, სტატისტიკური მონაცემები. ამავე მონაცემების მიხედვით, კრედიტებზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10%-ს უფიქსირდება. უფრო დეტალურ მონაცემებს თუ ვნახავთ, ქართული საფინანსო სექტორის ვალი 1 981 761 მსესხებელს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 369 974-ს ადამიანს. საქსტატის ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს. სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ სესხი საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რიცხვი, ვინც კრედიტს ვერ იხდის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1 664-ით გაიზარდა. კერძოდ, „კრედიტინფოს“ 2025 წლის დეკემბრის სტატისტიკით, ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 369 974-ს შეადგენდა, 2024 წლის დეკემბერში კი ე.წ. შავ სიაში შედარებით ნაკლები, 368 310 პირი იყო. საინტერსოა ისიც, რომ იმ მსესხებლებიდან, ვინც კრედიტს ვერ იხდის, 95 752 კომერციული ბანკის კლიენტია, 302 148 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების. 4 664 ადამიანს კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის ვალი აქვს. რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში, საუბარია გადაუხდელ კრედიტებზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილებით, 1 მილიარდ 202 მილიონ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება 1 მილიარდ 619 მილიონი ლარია, ხოლო სალიზინგოების მიმართ არსებული გადაუხდელი ვალდებულება დაახლოებით 33.5 მილიონი ლარია. ჯამში, 30 დღე და მეტი ხნით ვადაგადაცილება ჯამში 2 მილიარდ 859 მილიონ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 3.8%-ია. საერთო ჯამში, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 981 761 მსესხებელს აქვს, ჯამში თითქმის 75 მლრდ ლარის ოდენობით.