მხოლოდ დეკემბერში თბილისში 4 495 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. გაყიდვები გაზრდილია როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში. „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, ტრანზაქციები წლიურად 12.7%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ფასს, 2025 დეკემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 10.8%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2025 წელს თუ საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე 1 194 დოლარი იყო, წინა წელს ღირებულება 1 077 დოლარს შეადგენდა. ამავე მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში, თბილისში, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა გარეუბანში, ფართო ცენტრში გაიზარდა 7.7%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - მცირე 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება ახალ პროექტებს, გასული წლის დეკემბერის თვეში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა, ერთი წლის წინანდელათან შედარებით გაზრდილია 15.4%-ით. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 10.4%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 24.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2025 წლის დეკემბერში, თბილისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 17.9%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 21.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.1% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 8.2%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბერში ბაზრის ზომა 21.8%-ით, 350 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.