თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე მორიგი მსჯელობა პარასკევს შედგება, თუმცა ვიდრე ორივე უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, სამინისტროსთან პოზიციებს შეაჯერებენ, იქამდე პროტესტი გრძელდება. სტუდენტებისა და პროფესორების ნაწილისთვის მთავრობის ინიციატივა მიუღებელია. თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება საბოლოოა და მსჯელობა მხოლოდ კონკრეტულ კორექტირებებზე იქნება, რათა ცვლილება უნივერსიტეტებისთვის ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდეს. რას ემსახურება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება - კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას თუ განათლების ხარისხის გაუმჯობესებას? - პოლიტიკოსების, სტუდენტებისა და პროფესორების შეხედულებები ორად იყოფა. ხელისუფლების მთავარი არგუმენტი რესურსების სწორი განაწილება და საერთაშორისო რეატინგში მაჩვენებლის გაუმჯობესებაა, თუმცა ოპოზიცია ინიციატივის უკან, შენობების გასხვისების სურვილს და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ხედავს.