სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია მუშაობას განაგრძობს. მთავრობაში აცხადებენრ, რომ მათი მიზანია სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში ფასწარმოქმნის ჯაჭვი გამოვიკვლიონ და საზოგადოებას გამჭვირვალედ მიაწოდონ ინფორმაცია კითხვაზე - რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე? კომისიის წევრების განცხადებით, აპრილის ბოლოს ხელშესახებ შედეგებს მიიღებენ, თუმცა ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია. ამასობაში საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე საკითხის შესწავლას საპარლამენტო დონეზეც დაიწყებენ დეპუტატები. ამ ეტაპზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, სხვადასხვა კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შევიდა. განჩინების საფუძველზე სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების ამოღება მიმდინარეობს. ოპოზიცია პროდუქტებზე მაღალი ფასების გამო "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს.