ევროპარლამენტარები ევროკომისიას საქართველოში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხზე მიმართავენ. წერილს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის უკვე 20 ევროპარლამენტარი აწერს ხელს, ხოლო მისი გაგზავნა პარასკევს არის დაგეგმილი. მედიის ინფორმაციით, ინიციატივა ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას ეკუთვნის. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნას უერთდებიან ქართული ოპოზიციური პარტიებიც. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები რეალობას არ ასახავს და პროცესში საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართვა აუცილებელია. მმართველი გუნდი კი საკითხს დახურულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ დამატებითი გამოძიების საჭიროება არ არსებობს. ხელისუფლება ახლა გავლენიანი მედიასაშუალებისგან ბოდიშის მოხდას ელოდება - „ქართულმა ოცნებამ“ შესაბამისი სარჩელით BBC-ს რამდენიმე დღის წინ მიმართა.