თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე გადაისინჯა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, გამოიკვლიეს ვიდეო-მტკიცებულებებიც. პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, ადვოკატები კი ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობს მათი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა და უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, გირაოს გამოყენების შუამდგომლობები დააყენეს. ბრალდებულებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას ედავებიან.