ყველაფერთან ერთად თბილისში ბინებიც გაძვირდა. „ქოლიერსის“ მონაცემებით, წელს ოქტომბერში თბილისში ბინების ფასი წლიურად 13%-ით არის გაზრდილი. ამავე მონაცემებით, თუ 2024 წლის ოქტომბერში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი დედაქალაქში 1 064 დოლარი იყო, წელს მისი ღირებულება 1 202 დოლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდა ფიქსირდება როგორც ძველ, ასევე ახალ პროექტებში. მაგალითად, ძველ პროექტებში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 245 დოლარია, წინა წლის იმავე თვეში კი დაახლოებით 100 დოლარით ნაკლები იყო. ამასთანავე, ახალ პროექტებში მიმდინარე წლის ოქტომბერში ბინის საშუალო გასაყიდი ფასი 1 193 დოლარს გაუტოლდა, წინა წლის ოქტომბერში კი 1042 დოლარი იყო. ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 30.3%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 17.4% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 9.4%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ძველ ბინებს საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 13.8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 9.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ცნობისთვის, 2025 წლის ოქტომბერში ბაზრის ზომა წლიურად 25.2%-ით გაიზარდა და 336 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში სულ 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 9%-იანი მატებაა.